რესურსების ბანკი

 

 რეფლექსია სასწავლო რესურსზე „მუხლუხო“

     სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მრავალფეროვანი რესურსების გამოყენებას. მოსწავლეებს განსაკუთრებით კი დაწყებით/საბაზო  საფეხურზე თამაშით სწავლება ახალისებთ და ამ პროცესის მონაწილე უნებლიედ ხდებიან. იზრდება მათი ჩართულობა და მოტივაცია. სწორედ ამ მიზნით გამიჩნდა იდეა შემექმნა სამაგიდო თამაში ე.წ „მუხლუხო“(Caterpillar) როგორც სასწავლო რესურსი და  საგაკვეთილო პროცესი უფრო სახალისო და საინტერესო გამეხადა. მოცემული რესურსი პირდაპირ კავშირშია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებთან, ინტერაქციულია, მრავალჯერადია და შესაძლებელია გამოიყენონ სხვა საგნის პედაგოგებმაც სასწავლო პროცესში.

          აღნიშნული რესურსი გავუზიარე კოლეგებს სამუშაო შეხვედრაზე, გავაცანი თამაშის მიზნობრიობა, ინსტრუქცია, დავალების ტიპები რაც რესურსის გამოყენებისას შეიძლება მოიაზროს პედაგოგმა. კოლეგების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია აღნიშნულმა რესურსმა და მათ გადაწყვიტეს მისი გამოყენება თავისი საგნის ფარგლებში. რადგან რესურსი ინტერდისციპლინარულია საგაკვეთილო თემას მოარგო როგორც   ქართული ენისა და ლიტერატურის  ასევე ინგლისური ენის პედაგოგმა და მცირე დროში მომაწოდა სათანადო უკუკავშირი. (იხ. დანართი 1-2)

      გადავწყვიტე ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსი „მუხლუხო“(Caterpillar)  კოლეგებისათვის ეროვნულ დონეზე გამეზიარებინა და დავხმარებოდი მათ სახალისო გაკვეთილების დაგეგმვაში.  მოვამზადე სტატია რესურსის შესახებ  და ახალი განათლების პლატფორმით გავუზიარე კოლეგებს. (იხ. დანართი 3)

       

 დანართი 1

2022-2023 სასწავლო წლის მეორე სემესტრში ჩემმა კოლეგამ, ინგლისური ენის მასწავლებელმა სოფიო გოგნაძემ  გამართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც განხილული იყო მის მიერვე შექმნილი სასწავლო რესურსი, სახელად „მუხლუხო“. რესურსი წარმოადგენს სამაგიდო თამაშს, რომელზეც მოსწავლეები ჯგუფურად თამაშობენ.

ჩემმა კოლეგამ საინტერესოდ და დაწვრილებით გაგვაცნო კოლეგებს რესურსის მიზნობრიობა, გამოყენების სფეროები, საფეხურები. დაწვრილებით აგვიხსნა მასზე თამაშის წესები და იქვე, შეხვედრაზევე მოგვეცა საშუალება რესურსი მოგვესინჯა. ასევე, ჩემმა კოლეგამ მნიშვნელოვანი კავშირები გაგვივლო მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმის მიზნებსა და შედეგებთან მიმართებაში და დაგვანახა, რომ რესურსი ნამდვილად მიემართებოდა მასწავლებლებისთვის მთავარ და ამომავალ დოკუმენტს - ეროვნულ სასწავლო გეგმას.

დამსწრეების მოწონება განსაკუთრებით დაიმსახურა იმან, რომ რესურსი ინტერდისციპლინარულია და ყველა საგნის მასწავლებლისთვის მოსახერხებელი. ამიტომაც შეხვედრაზევე გადავწყვიტე ჩემს საგანშიც მომესინჯა.

მე-7 კლასში ქართულ ენაში სახელებს გავდივართ და გადავწყვიტე სწორედ ენის გაკვეთილზე შემეტანა რესურსი არსებითი, ზედსართავი და რიცხვითი სახელების შესაჯამებლად. მოვამზადე სამუშაო ბარათები, გადავიტანე ზედ საკითხები, რომლების შემოწმებასაც ვგეგმავდი და შევიტანე გაკვეთილზე. უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეებს გავაცანი რესურსის გამოყენების მიზანი, ავუხსენი წესები და შევუდექით თამაშს.

გაკვეთილი გამოვიდა საინტერესო, ინტერაქტიული და ნაყოფიერი, რამდენადაც მაღალი იყო რესურსით დაინტერესება, მოსწავლეებისთვის თამაშის პროცესი საინტერესო აღმოჩნდა და გაკვეთილზე შესამჩნევი იყო თამაშში ჩართვის მაღალი მოტივაცია. გაკვეთილის ბოლოს ჩემთვის საინტერესო იყო მოსწავლეთა უკუკავშირი, ისინი აღნიშნავდნენ, რომ რესურსმა მათი გულწრფელი მოწონება დაიმსახურა და კიდევ გამოთქვეს სურვილი ამ რესურსით მუშაობისა.

ჩემი აზრით, რესურსის მთავარ ღირსებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ გაკვეთილზე თითქმის არ დარჩენილა  პასიური მოსწავლე. სასწავლო მოტივაცია კი რთული გრამატიკული კატეგორიების შესწავლისას ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

ასევე, ვფიქრობ, რომ რესურსი იდეალურად მოერგება ქართული ლიტერატურის გაკვეთილსაც, მსხვილი ტექსტების, თემების, საკითხების შესაჯამებლად.

სსიპ ქალაქ ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მირანდა მანჩხაშვილი

2022-2023 სასწავლო წელი

 

დანართი 2

რეფლექსია სასწავლო რესურსზე „მუხლუხო“

      პანდემიის დროს ყველა სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადაერთო და მატერიალური რესურსები დავიწყებას მიეცა. პანდემიის დასრულების შემდეგ  კი ჩემი კოლეგა ერთერთი პირველი აღმოჩნდა, ვინც კათედრაზე საკუთარი ხელით შექმნილი მრავალჯერადი თანამედროვე მატერიალური რესურსი გაგვაცნო და შემოგვთავაზა მისი გამოყენება.

მესამე კლასში მეექვსე თავის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი გაკვეთილი დავგეგმე და ჯგუფური მუშაობისას გამოვიყენე რესურსი - მუხლუხო. მოსწავლეებს კამათლის აგდების შემდეგ უნდა ეპასუხათ შესაბამის გრაფაში დასმული შეკითხვისთვის. კითხვები შეეხებოდა ნასწავლ სიტყვებს, ზედსართავ სახელებს, ადგილის წინდებულებს და სხვ.

აქტივობამ მოლოდინს გადააჭარბა, მოსწავლეები აღფრთოვანდნენ ფერადი და გამოწვევებით სავსე მოგზაურობით მუხლუხოს რგოლებში და დიდი ენთუზიაზმითა თუ მონდომებით ცდილობდნენ გაეხსენებინათ ნასწავლი მასალა. უცებ ჩამოთვალეს თვეები, კვირის დღეები სეზონები და საათები.

დარწმუნებული ვარ მომავალ გაკვეთილებს მეტი მონდომებით ისწავლიან, რომ კვლავ შეძლონ მუხლუხოს სამაგიდო თამაშის გამოყენება.

სსიპ ქალაქ ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის

ინგლისური ენის მასწავლებელი

თინათინ ბედოშვილი

2022-2023 სასწავლო წელი

 

 

 

დანართი 3

https://akhaliganatleba.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%92%e1%83%98%e1%83%93%e1%83%9d-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%ae%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%ae%e1%83%9d/?fbclid=IwAR2Zmgxo1OChXi736uC4qxb9FX9vXYaV0Fq-7mJJ9UdafBErtDcUU5Y7D-A

 

           სამაგიდო თამაში „ მუხლუხო“ (Caterpillar), როგორც სასწავლო რესურსი

თამაშით სწავლება ხელს უწყობს  ხალისიანი და ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნას. უზრუნველყოფს კლასში ბუნებრივი საკომუნიკაციო სიტუაციის ჩამოყალიბებას  და ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას.

ეს არის ცოცხალი პროცესი, რომლის თანამონაწილეც ბავშვი გაუაზრებლად ხდება.  თამაშის დროს მოსწავლეებს  ეძლევათ საშუალება დაძლიონ კომპლექსები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხო ენაზე კომუნიკაციისას.  აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თამაშით სწავლებისას  ხშირად არაკომუნიკაბელური ბავშვებიც  კი ახერხებენ  მაქსიმალურად  გამოავლინონ შესაძლებლობები,  ჩაერთონ აქტიურად და აიმაღლონ თვითშეფასება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გამიჩნდა  იდეა, შემექმნა სასწავლო რესურსი სამაგიდო თამაშის სახით,  სახელად „მუხლუხო“(Caterpillar). რესურსი წარმოადგენს ფერადი წრეებისგან შემდგარ  ჯიბაკებიან  დაფას, რომელიც მრავალჯერადია და  შესაძლებელია დავალების პირობების ცვლა თემის მიზნებიდან გამომდინარე.



ჯგუფებად დაყოფილი მოსწავლეები თანმიმდევრობით აგორებენ კამათელს, მონიშნავენ სვლას ფერადი ნიშნულით,  ასრულებენ შესაბამისი ნომრის დავალებას და მართებული პასუხის შემთხვევაში მიითვლიან ქულას. დანარჩენი ჯგუფებიც იგივე პრინციპით თამაშობენ და თამაში გრძელდება მანამ, სანამ რომელიმე ჯგუფი პირველი  არ მიაღწევს ფინიშამდე.  თამაშს „ართულებს“ და საინტერესოს ხდის გზადაგზა მოწყობილი ხაფანგები, რომლებიც ავალებენ მოსწავლეს გამოტოვოს სვლა, დაბრუნდეს რამდენიმე ნაბიჯით უკან ან ბონუსად წავიდეს რამდენიმე ნაბიჯით წინ. რესურსი განსაკუთრებით ეფექტიანია დაწყებით და საბაზო საფეხურზე სამუშაოდ. თამაშის დროს პედაგოგი აკვირდება პროცესს, ინიშნავს ძლიერ მხარეებსა და გამოვლენილ საჭიროებებს;  მიღებული მონაცემებიდან გამომდინარე გეგმავს შემდგომ სასწავლო აქტივობებს.





  

რა მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ აღნიშნული რესურსი:

·        ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ ცნებებზე სამუშაოდ (ტექსტი, სამეტყველო ქმედება, ენობრივი საშუალებები)

·        ნასწავლი ლექსიკური მასალის განსამტკიცებლად

·        ნასწავლი გრამატიკული მასალის განსამტკიცებლად

·        ტექსტის გაგება-გააზრებაზე სამუშაოდ

·        ზეპირი ინტერაქციის  სტრუქტურირებისთვის

·        კოდირება-დეკოდირებაზე სამუშაოდ

·        თანამშრომლობითი უნარების გასავითარებლად

·        მოტივაციისა და ჩართულობის გასაზრდელად

 

შედეგები, რაც ამ რესურსის გამოყენებას მოყვება:

 

ü  მოსწავლეები შეძლებენ ნასწავლი ლექსიკური ერთეულებისა და გამონათქვამების საჭირო მიზნით გამოყენებას

ü  მოსწავლეები შეძლებენ ნაცნობ თემატიკაზე ზეპირ ინტერაქციას

ü  მოსწავლეები განიმტკიცებენ ნასწავლ ლექსიკურ თუ გრამატიკულ მასალას

ü  მოსწავლეები გამოიმუშავებენ ტექსტის გაგება-გააზრების უნარს

ü  მოსწავლეები გამოიმუშავებენ თანამშრომლობით უნარებს

ü  გაიზრდება მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა

 

სასწავლო მიზნიდან გამომდინარე შეგვიძლია შევქმნათ შემდეგი ტიპის დავალებები:

Ø  შეკითხვები ნასწავლი ტექსტის ირგვლივ

Ø „მცდარია“/  „ჭეშმარიტია“

Ø ნასწავლი ლექსიკური ერთეულების ჩამოთვლა/დასახელება

Ø შეცდომების აღმოჩენა- გასწორება

Ø თარგმნა

Ø საკუთარი პოზიციის გამოხატვა/რჩევის მიცემა

Ø მხატვრულ-გამომსახველობით ენობრივ საშუალებებზე მუშაობა

Ø სიტყვების სწორად შეკავშირება წინადადების ასაგებად

 

რესურსი არის ინტერდისციპლინარული და  შესაძლოა გამოიყენოს სხვა საგნების მასწავლებლებმაც კონკრეტული მიზნის ფარგლებში.   









ელექტრონული რესურსი






 

Comments